პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დეპუტატებს მიმართა "რას აკეთებთ, ხალხო?". სერგი კაპანაძემ თქვა, რომ უმრავლესობა შს მინისტრის მიმართ საზოგადოების კითხვები ასე პასუხობს.

"გავიგეთ, რომ ამას თქვენ გინდა უპასუხოთ და გადაიტანოთ ისარი ერთ-ერთი პოლიტიკიური ლიდერი დააკავოთ, უბრალოდ, რას აკეთებთ ხალხო ერთი წამით დაფიქრდით", — განმარტა მან.

პარლამენტის ბიურო კომიტეტისთვის დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავს. სერგი კაპანაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უფრო დიდ პოლარიზებას გამოიწვევს.

"პოლიტიკური ლიდერების დაკავებას რომ იწყებთ, ამ პრობლემას, ამ კითხვებს მოხსნით? კითხვები აქვს საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. გავიგეთ, რომ ამას თქვენ გინდა უპასუხოთ და გადაიტანოთ ისარი ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის დაკავება მოახდინოთ. უბრალოდ, რას აკეთებთ, ხალხო, ერთი წამით დაფიქრდით... მართლა გულში ჩაიხედეთ ეს პასუხი სიტუაციას განმუხტავს? ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მომავლისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის ეს არის სწორი ნაბიჯი? ერთი წამით დაანებეთ თავი პოლიტიკას, უბრალოდ, დაფიქრდით ეს არის პასუხი?" — თქვა სერგი კაპანაძემ.

დღეს, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

მელიას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჰგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.