საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაკავებულების მიმართ.

"მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით აქცია დაშალა. მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ახლო მანძილიდან უმიზნებდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს.

20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:

  • ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
  • დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
  • აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
  • დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
  • შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.