დაკვირვებები მიუთითებს, რომ მარსი პერიოდულად მეთანის საკმაოდ დიდ რაოდენობას გამოყოფს, რაც, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ იქ მიკრობები ცხოვრობენ.

19 ივნისს Curiosity-მ მარსის ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობის მეთანი დააფიქსირა — ეს ის გაზია, რომელსაც დედამიწაზე, როგორც წესი, ცოცხალი ორგანიზმები წარმოქმნიან. Curiosity-ს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დედამიწაზე 20 ივნისს მივიღეთ. შედეგებით გაკვირვებულმა მეცნიერებმა ხომალდისთვის დაგეგმილი სტანდარტული ოპერაციები გადადეს და პარასკევს რობოტს მეთანის დონის გადასამოწმებლად ახალი ინსტრუქციები გაუგზავნეს. ორშაბათს ხომალდისგან მიღებულმა სიგნალმა კი აჩვენა, რომ Curiosity-ს გარშემო მეთანის რაოდენობა სტანდარტულს დაუბრუნდა.

ადამიანები მარსზე უცხოპლანეტელების არსებობის იდეით დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ აღტაცებულები, თუმცა 1970 წელს ნასას Viking-მა წითელი პლანეტის ზედაპირიდან პირველი ფოტოები გამოგზავნა, რომელზეც უსიცოცხლო უდაბნო მოჩანდა.

ორი ათწლეულის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მარსზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები ყოფილიყო. ახლა კი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ოდესმე მარსზე სიცოცხლე არსებობდა, გარემო პირობების შეცვლის გამო მას, შესაძლოა, მიწისქვეშ გადაენაცვლა.

მარსის თხელ ატმოსფეროში მეთანის არსებობა, რომელიც რამდენიმე საუკუნეში მზის ზემოქმედების შედეგად იშლება, მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ დაფიქსირებული მეთანი პლანეტიდან სულ ცოტა ხნის წინ უნდა გამოთავისუფლებულიყო.

დედამიწაზე არსებობენ მიკრობები — მეთანოგენები, რომლებიც უჟანგბადო გარემოში ცხოვრობენ და გარემოში მეთანს გამოყოფენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეთანი, შესაძლოა, გეოთერმული რეაქციების დროსაც წარმოიქმნას.

ასევე შესაძლებელია, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ უბრალოდ უძველესი მეთანის რეზერვები იყოს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით გამოიყოფა ხოლმე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Curiosity-მ მარსის ზედაპირზე მეთანი დააფიქსირა. თუმცა, ისევე როგორც დღევანდელ შემთხვევაში, ამ აირის წყარო და მისი წარმომავლობა ყოველთვის უცნობი იყო.

რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით უცნობია. მარსის ორბიტაზე იმყოფება ხომალდი Trace Gas Orbiter-იც, რომელიც სხვადასხვა აირების დასაფიქსირებელი მგრძნობიარე ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ ხომალდს მარსზე მეთანი ჯერჯერობით პრაქტიკულად არ დაუფიქსირებია.

"მეთანის საიდუმლო გრძელდება. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ და ამ საკითხის ამოსახსნელად დაკვირვებებს მომავალშიც გავაგრძელებთ", — აცხადებს ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მეცნიერი ეშვინ ვასავადა.