ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი 20 ივნისის აქციაზე რეზინის ტყვიების შედეგად თვალის დაკარგვასა და დაზიანებებს ქეისებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ თითოეული მათგანი უნდა გამოიძიონ.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს, რადგან მან დაიცვა საქართველოს კონსტიტუციური ორგანო — პარლამენტი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული ქეისების შემთხვევაში ადამიანებმა მიიღეს დაზიანება, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ აქ პოლიციის პროპორციული ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან არ იყო გამოყენებული. თითოეული ქეისი არის ცალკე განსახილველი და თუ ადგილი აქვს უფლებამოსილების გადაცილებას, ადეკვატური შედეგი უნდა დადგეს", — განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ ქმედებებს არა მარტო საქართველო თან ახლავს ნეგატიური შედეგი.

"ამ ყველაფერმა საქართველოს თავიდან აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან სურს ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა ხელებს იფხანს, რომ ჩაითრიოს საზოგადოება იმ სისხლში, რომელიც თავად აადუღა", — განაცხადა მათიკაშვილმა.