არსებამ, რომელიც გორილასა და ყვავის ჰიბრიდს წააგავს, ვიქენდის განმავლობაში მთელი ინტერნეტი დაიპყრო. ვიდეოში თითქოს ჩანს უჩვეულოდ "დაკუნთული" ყვავი, რომელიც მიწაზე ფრთებითაა დაყრდნობილი.

გორილა-ყვავის შესახებ ინტერნეტში ერთი მთავარი კითხვა არსებობდა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: რა ჯანდაბასთან გვაქვს საქმე ამ ვიდეოში?

მიუხედავად იმისა, რომ Reddit-ზე გორილა-ყვავის ჰიბრიდის გაჩენის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავდნენ, ჩვენ ეს მოსაზრება შეგვიძლია თავიდანვე გამოვრიცხოთ.

საბედნიეროდ, ამ უცნაური ვიდეოს ასახსნელად ინტერნეტში რამდენიმე ორნითოლოგი გამოჩნდა. კაელი სვიფტი ყვავების ქცევის შემსწავლელი პროფესორია, მისი თქმით ვიდეოში დიდნისკარტა აზიური ყვავი ჩანს. ის აცხადებს, რომ ყვავისთვის ფრთებით დადგომა შეუძლებელია, შესაბამისად, მას ფეხები აუცილებლად უნდა ჰქონდეს. თანაც, ფრინველებს ფეხების გარეშე ფრენაც არ შეუძლიათ, შესაბამისად ასეთ დროს ისინი სწრაფადვე იღუპებიან.

"ვიდეოში ჩანს ყვავი, რომელიც სხეულს მზეს უშვერს. ეს ნაცნობი ქცევაა, ამ დროს ისინი ფრთებს ყრიან და კუდს ჰაერში წევენ. შესაბამისი კუთხიდან კი, შესაძლოა, ფეხები არ ჩანდეს. ყვავები, ასეთ პოზას, როგორც წესი, დაწოლილ მდგომარეობაში იღებენ. თუმცა, ვიდეო, სავარაუდოდ, მაშინაა გადაღებული, როდესაც ყვავი გარდამავალ პოზაში იყო", — აცხადებს ის.

კაელი დასძენს, რომ ფრინველებში მსგავსი ქცევა ხშირია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ცხელა. ბუმბულების მზეზე მიშვერით ფრინველები მათ სხეულზე დაგროვილ ბაქტერიებსა და ტკიპებს ანადგურებენ.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა ილუსტრაციები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ვიდეოში არსებული ყვავი უკეთ აღვიქვათ.