წინა თვეში John Wick: Chapter 3 - Parabellum-ის რეჟისორმა ჩად სტაჰელსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დები ლანა და ლილი ვაჩოვსკები ახალი Matrix-ის გადასაღებად ემზადებოდნენ. მაშინდელ განცხადებას სკეპტიკური შეხედულებები მოჰყვა, თუმცა ამ თემამ ისევ წინ წამოიწია.

Discussing Film-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ვაჩოვსკები მატრიცას პროექტს უბრუნდებიან და მას ერთად გადაიღებენ. ფილმისთვის სცენარს კი ზაკ პენი დაწერს. ასევე ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობას მსახიობი მაიკლ ბი ჯორდანიც მიიღებს. სტატიის მიხედვით, გადაღებები 2020 წელს ჩიკაგოში დაიწყება და ფილმის სამუშაო ვერსიის სახელი Project Ice Cream იქნება. ამ ეტაპზე სიუჟეტი და სხვა დეტალები უცნობია, ჯერჯერობით არც ის ვიცით, ახალი ფილმი რებუთი იქნება თუ მატრიცას ტრილოგიის სიქველი.

ჯონ ვიკის რეჟისორი ჩად სტაჰელსკი მატრიცას გადაღებებზე კიანუ რივზის დუბლიორი და კასკადიორი იყო. მაისში ვაჩოვსკების ამბავზე საუბრისას, მან ასევე თქვა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა მატრიცას ფრენჩაიზში, თუ მას პროექტზე მუშაობას შესთავაზებდნენ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაჩოვსკები უბრალოდ კი არ გადაიღებენ ახალ მატრიცას, არამედ გააფართოვებენ მის სამყაროს, იმას, რაც ყველას გვიყვარს. ეს ყველაფერი კი თუ ისეთივე დონის იქნება, როგორიც მათი ძველი ნამუშევარია, ერთი ზარიც საკმარისი იქნება ჩემი თანხმობისთვის. რომ მითხრან - ჰეი, გვინდა, რომ ჩვენი კასკადიორი იყო. წავალ გადასაღებ მოედანზე და მანქანას შევუვარდები.