შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათი განმარტებით, აქედან 2 პირის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ მოპოვებული მასალები გადაიგზავნა გენერალურ პროკურატურაში.

შსს-ში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს და გენერალურ პროკურატურასთანაც ითანამშრომლებენ, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს იძიებენ.

20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით აქცია დაშალა. მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ახლო მანძილიდან უმიზნებდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს.

20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:

  • ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
  • დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
  • აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
  • დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
  • შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საკითხის გამოძიება დაიწყო. პროკურორმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ დამატებითი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიაწოდონ მათ.