საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას აცნობა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საკითხს იძიებს.

პროკურორმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ დამატებითი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიაწოდონ მათ.

"პროკურატურა თხოვნით მოგმართავთ რომ ჩვენს მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", — აღნიშნა პროკურორმა.

მან აღნიშნა, რომ მზად არიან პროცესში ჩართონ სახალხო დამცველი "იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.

ამავე თემაზე: რა მოხდა 20 ივნისს თბილისში — მოკლედ