თიბისი ჯგუფის დამფუძნებლისა და აქციონერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, აქციონერთა 97-მა პროცენტმა მისი და ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას დაუჭირა მხარი. ხაზარაძე ბანკის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ხოლო ჯაფარიძე თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ეროვნული ბანკის მოთხოვნით გადადგნენ.

"ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში", — წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.

თიბისის საქმე და ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.