საქართველოს უნივერსიტეტისა და ახალი ეკონომიკური სკოლის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩატარდა.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:

  • რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
  • სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
  • კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
  • როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

"ვფიქრობ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობა ხვდება, რომ არსებობს რუსული გავლენები, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ფაქტები და მიგნებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გამოკვლევა, რათა მოსახლეობამ კონკრეტულად გაიგოს თუ რა ნაბიჯებით ცდილობს რუსეთი საკუთარი გავლენების გაძლიერებას" – ეს განცხადება მაიკლ კარპენტერს ეკუთვნის, რომელიც აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — ჯო ბაიდენის მრჩეველი იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში და საქართველოში კონფერენციას სპიკერის რანგში ესწრებოდა.

მაიკლ კარპენტერის გარდა, კონფერენციაზე სპიკერების რანგში საქართველოში მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ:

  • ჯეფრი მანკოფი — CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი;
  • ბრაიან ვიტმორი — ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი;
  • ლუკ კოფი — ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი;
  • ანდრეას უმლანდი — გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი და სხვები.

"ვინაიდან კრემლი აქტიურად ერევა სხვა ქვეყნის ღონისძიებებში, ჩვენ საპასუხოდ უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა: აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მედია განათლების მხარდაჭერა. ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები რისი დახმარებითაც მთავრობას შეუძლია კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასთან", — ამბობს ვერონიკა ვიჩოვა, Kremlin Watch Program-ის კოორდინატორი, ანალიტიკოსი და კონფერენციის მოწვეული სპიკერი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში", პირველი ფაზის პრეზენტაციაც, სადაც განიხილეს რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტი გააგრძელებს როგორც ზოგად თანამშრომლობას, ასევე კონკრეტული კვლევითი საქმიანობას "რუსული გავლენების" გამოვლენის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე.

საქართველოს უნივერსიტეტის კვლევის დასკვნითი პრეზენტაცია კი ვაშინგტონში გაიმართება.