"და მაინც, რატომ აუჯანყდა სატანა ღმერთს?!", "ქართული სუფრა ცოდნის და ინფორმაციის გადაცემის სრულიად უნიკალური მექანიზმია", "მშვიდობა ეკლესიის წიაღშია", "ქართველი ხალხი - მაჰმადიანებიცა და მართლმადიდებლებიც აზიზის მეჩეთის აშენების წინააღმდეგნი არიან", - ამ და სხვა სათაურებით სხვადასხვა სახის მასალას პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო გაზეთ საქართველოს პატრიოტში გაეცნობით.

ერთ-ერთი სტატიის მომზადებისას, On.ge პატრიოტთა ალიანსს დაუკავშირდა და პარტიის საარჩევნო პროგრამა სთხოვა, პასუხად კი პარტიამ გადმოგვცა გაზეთი, სადაც სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებები სწორედ ზემოაღნიშნული წინადადებებითაა დასათაურებული.

ქართული სუფრა ცოდნის და ინფორმაციის გადაცემის სრულიად უნიკალური მექანიზმია

პატრიოტთა ალიანსი

საქართველოს პატრიოტის მეორე გვერდზე გამოქვეყნებულია მასალა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას ხშირად თავი პატრიარქზე ბრძენი ჰგონია და მიიჩნევს, რომ მისი ტვირთი პატრიარქისაზე მძიმეა, თუმცა ალიანსის თქმით, ეს ასე არაა.

ამავე მასალაში ვხდებით ინფორმაციას რელიგიური ლიტერატურიდან, თუ როგორ აუჯანყდა სატანა ღმერთს, დაიბადა ისეთი მანკიერი თვისებები, როგორებიც თავმოწონება, თვითმოხიბლვა, თვითგანდიდება და ქედმაღლობაა:

"სატანამ თქვა, ღმერთს ნაკლი უნდა ვუპოვოო, მაგრამ ნაკლი რომ ვერ უპოვა, შეშურდა და ღმერთს ნაკლი შეუთხზა. ჯერ შეუთხზა და მერე სხვასაც დააჯერა, ღმერთს ბევრი ნაკლი აქვსო. ასე დაიბადა ტყუილი და ცილისწამება. ღმერთს ცილისწამებით რომ ვერაფერი ავნო, შეიძულა".

გარდა რელიგიური ტექსტებისა, საარჩევნო გაზეთში არაერთი ქსენოფობიური მასალაცაა. მაგალითად, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება და ამბობს, რომ თურქეთს აჭარისა და აფხაზეთს "მიტაცების ინტერესი აქვს". მისივე თქმით, საქართველომ მუდმივად უნდა ისაუბროს, რომ თურქეთს ჩვენი ქვეყნის 33 პროცენტი მიტაცებული აქვს:

ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ შავი ზღვა აივსება იმ ქართველთა სისხლით, რომელიც თურქებმა დაღვარეს

დავით თარხან-მოურავი

"ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ შავი ზღვა აივსება იმ ქართველთა სისხლით, რომელიც თურქებმა დაღვარეს. პირდაპირ ვამბობ, რომ თურქეთს აჭარისა და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს!".

თარხან-მოურავი ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის 60 ათასამდე ადამიანი მოქალაქე აზიზის მეჩეთის აშენების წინააღმდეგია. ამასთან ის ამბობს, რომ აზიზის მეჩეთის "ნიღბის ქვეშ" თურქეთის სადაზვერვო ცენტრი შენდებოდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ექნებოდა რელიგიური ფორმატი და მას ვეღარასდროს ვერ შევეხებოდით იმიტომ, რომ იტყოდნენ, რომ ეს მეჩეთია, ღვთის სახლი. უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვკითხეთ. წინა 3 არჩევნების დროს, არცერთხელ მოსულა ამდენი ამომრჩეველი არჩევნებზე. ანუ ქართველი ხალხი, იმის მიუხედავად, მართლმადიდებლები არიან თუ მაჰმადიანები, ეწინააღმდეგება ახალი მეჩეთის აშენებას. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არ არის რელიგიის და რწმენის საკითხი, ეს არის პოლიტიკის საკითხი".

აზიზის მეჩეთის ნიღბის ქვეშ თურქეთის სადაზვერვო ცენტრი შენდებოდა

დავით თარან-მოურავი

ის აცხადებს, რომ "თურქეთის ექსპანსიას საქართველოში", მის მცდელობას, რაიმე ფორმით ხელში ჩაიგდოს ბათუმი, ოზურგეთი ან ახალციხე, პატრიოტთა ალიანსისგან დიდი წინააღმდეგობა დახვდება:

"მეტიც, ჩვენ უარს ვამბობთ იმ 33 პროცენტ ქართულ ტერიტორიაზეც, რომელიც თურქეთმა 95 წლის წინ მიითვისა".

გარდა ამისა, გაზეთი სხვადასხვა კონფესიის დაფინანსების საკითხსაც განიხილავს და ამბობს, რომ საქართველოში საჭიროა მართლმადიდებელი ქრისტიანების დათვლა იმისთვის, რომ სახელმწიფომ ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონი ლარით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დააფინანსოს:

ეს 150 მილიონი უნდა მივცეთ ეკლესიას და უნდა მოვთხოვოთ, რომ ამ თანხის ფარგლებში მან რაც შეიძლება მეტი ხალხი მოიზიდოს ეკლესიის წიაღში

პატრიოტთა ალიანსი

"ეს 150 მილიონი უნდა მივცეთ ეკლესიას და უნდა მოვთხოვოთ, რომ ამ თანხის ფარგლებში მან რაც შეიძლება მეტი ხალხი მოიზიდოს ეკლესიის წიაღში. რაც შეიძლება მეტი ადამიანის უნდა გახდეს სამღვდელოება, მედავითნენი, მგალობელნი თუ სხვანი. ამ თანხით ეკლესიაში რა შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს".

პატრიოტთა ალიანსი მიიჩნევს, რომ რაც მეტი ადამიანი მოექცევა ეკლესიის წიაღში, მით მეტი სიყვარული დამკვიდრება საზოგადოებას, ეს კი ქვეყანას მშვიდობას მოუტანს.

გაზეთში ასევე საუბარია ქართულ სუფრის ფენომენზე, როგორც ინფორმაციის გადაცემის სრულიად უნიკალურ მექანიზმზე. მასალა დათა თუთაშხიადან მოყვანილი ციტატით იწყება და მასში წერია:

"სადღეგრძელო ქართულ სუფრაზე - ეს აუცილებლად იყო ლექსი ან სადღეგრძელო სუფრაზე - ეს სახარებიდან ქრისტეს იგავის მოყოლა იყო ან ეს იყო რაიმე ფილოსოფიური დატვირთვის ლეგენდის მოყოლა, ან ეს იყო ანდაზა რომელიც ცოდნად ატარებდა. ქართული სუფრა სწორედ ამით იყო განთქმული".

On.ge მკითხველს პატრიოტთა ალიანსის ქსენოფობიურ მოსაზრებებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით სთავაზობს, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს იცოდეს იმ ადამიანთა მოსაზრებები, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის სურვილი აქვთ.