ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა. სიმღერის ვიდეოს ტელე-რადიო წამყვანი, ალექს დუბასი ინსტაგრამზე ავრცელებს:

"როგორც ნინომ მითხრა, მისი გული ახლა საქართველოშია. მე მას ვუთხარი, რომ დღეს მსმენელის გულიც მასთანაა, რაც იმას ნიშნავს რომ მათი გული საქართველოშიცაა. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, როგორი აპოლოდისმენტებით ხვდებიან მას, რადგან ჩვენ ვიცით, თქვენი [ქართველების] აბსოლუტური უმრავლესობა რუსოფობი არ არის".

მასობრივი ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე, გუშინ 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენებს აუკრძალავენ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდება. მანამდე, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.

თბილისში რამდენიმე დღეა ანტიოკუპაციური მიტინგები მიმდინარეობს. პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების, მათ შორის კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. საპროტესტო ტალღის გამო ასამბლეა ჩაიშალა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს.