უმსხვილესი ამერიკული სარეკლამო კომპანიის Wieden + Kennedy-ის კრეატიულმა დირექტორმა, წარმოშობით რუსმა ევგენი პრიმაჩენკომ, ფეისბუქზე ტურისტებს მიმართა. პრიმაჩენკო წერს:

"ტურისტებს ინფორმაციისთვის — საქართველო მშვენიერია, განსაკუთრებით თავისი ხალხით. აუცილებლად გაფრინდით იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით", - წერს ცნობილი მარკეტერი, ევგენი პრიმაჩენკო.

Wieden + Kennedy ამერიკული სარეკლამო კომპანიაა, რომელსაც სხვადასხვა დროს Nike-ის, კოკა-კოლას, ჰონდას, ლევისისა და სხვა დიდი ბრენდების მარკეტინგული კამპანიები აქვს შექმნილი.

ოკუპირებული სკამი

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით.

აქციის დაშლის შედეგად საავადმყოფოებში გადაიყვანე 240 ადამიანი, დაშავდა 34 ჟურნალიტი. შსს-მ კი აქციის 305 მონაწილე დააპატიმრა.

პასუხად ათასობით მოქალაქე უკვე მესამე დღეა იკრიბება რუსთაველის გამზირზე. ისინი ოკუპაციას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.