20 ივნისს თბილისში ჩაშლილი მართმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გაძევების საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. აქედან 24 საათში აკრძალვა ქართულ ავიახაზებზეც გავრცელდა. რუსეთის მიზანი საქართველოს ეკონომიკაზე და ხელისუფლებაზე ზეწოლაა.

ტურისტებით მიღებული შემოსავლები

საქართველოში ფრენების აკრძალვა ქართულ და რუსულ ავიახაზებისთვის 8 ივლისიდან ამოქმედდება. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 540 ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების უმრავლესობამ საქართველოში შემოსასვლელად სახმელეთო საზღვარი გამოიყენა.

მაგალითად, 2018 წლის იანვარ-მარტში რუსი ტურისტების 63 პროცენტი სწორედ სახმელეთო გზით შემოვიდა, საჰაერო ტრანსპორტით კი 36 პროცენტმა ისარგებლა. ეს მაჩვენებლები, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად უცვლელია. სახმელეთო ტრანსპორტის სიიაფიდან და საზღვრის სიახლოვიდან გამომდინარე, წლებია რუსი ტურისტების უმრავლესობა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოდის საქართველოში.

ჯამური მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში სულ 1,4 მილიონი რუსი ტურისტი შემოვიდა. ერთი რუსი ტურისტის საშუალო დანახარჯი ვიზიტზე, დაახლოებით, 1 253 ლარია. გამოდის, რომ 2018 წელს რუსეთის რეზიდენტებმა საქართველოში, დაახლოებით, 1,8 მილიარდი ლარი დახარჯეს. რუსი ტურისტები, სხვა მეზობელ სახელმწიფოებიდან შემოსულებთან შედარებით, უფრო მეტ ფულს ხარჯავენ. თუმცა ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქესთან შედარებით ერთი რუსი ტურისტის დანახარჯი რამდენჯერმე ჩამოუვარდება.

  • აშშ — 3 047 ლარი;
  • ბრიტანეთი — 3 189 ლარი;
  • ისრაელი — 2 047 ლარი;
  • უკრაინა — 1 659 ლარი;
  • ირანი — 2 071 ლარი;
  • გერმანია — 2 046 ლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები — 2 719 ლარი;
  • ყაზახეთი — 1 956 ლარი;
  • პოლონეთი — 2 183 ლარი;
  • ესპანეთი — 2 541 ლარი.

ფრენების აკრძალვის გავლენა

პირდაპირი უხეში ანგარიშით, ფრენების აკრძალვით საქართველოს რუსი ტურისტების 35 პროცენტს დაკარგავს, რაც, დაახლოებით, 500 მილიონ ლარია. ეს თანხა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტია.

იმ შემთხვევაშიც კი თუ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი რუსი ტურისტი არ შემოვა, საქართველო დაახლოებით ორ მილიარდ ლარს დაკარგავს, რაც საქართველოს მშპ-ს მხოლოდ 4 პროცენტია.

ამ შესაძლო დანაკარგის მიუხედავად, სხვა და უფრო მაღალი გადახდისუნარიანი სახელმწიფოებიდან ტურისტული ნაკადის ზრდით შედარებით მარტივად იქნება შესაძლებელი ზარალის დაბალანსება.

რუსეთის სხვა ბერკეტი

რაც შეეხება რუსეთის ხელთ არსებულ ზემოქმედების სხვა ბერკეტს, ყველაზე მძლავრი საექსპორტო ბაზრის ჩაკეტვა იქნება. 2018 წელს საქართველოდან რუსეთში 437 მილიონი დოლარის ექსპორტი გავიდა. ახალი რუსული ემბარგოს გამოცხადება, ყველაზე მეტად საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს შეეხება. 2018 წელს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე გაყიდვების მიხედვით პირველ სამეულში შევიდა.

გამოსავალი

საქართველომ მსგავსი გამოციდელება 2006 წელს უკვე მიიღო. მაშინ ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ იმ პროდუქციის მწარმოებლებმა, რომლებიც მუშტარს რუსეთში პოულობდნენ, მომდევნო წლებში შეძლეს გასაღების ბაზრის დივერსიფიცირება. შედეგად რუსეთი არც ექსპორტისა და არც იმპორტის მიმართულებით პირველ ხუთეულში არ შედიოდა.

ეკონომიკური და ენერგეტიკული ბლოკადის მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,9 პროცენტით გაიზარდა. ამ პროცესების შედეგად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა. გაიზარდა ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხიც, ვინაიდან ეს პროდუქცია უფრო მაღალი სტანდარტების ბაზრის მოთხოვნებზე გადაეწყო. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა სერვისების ხარისხიც, რომელიც უფრო მაღალ გადახდისუნარიან კლიენტს ემსახურებოდა.

რუსეთის ხელთ არსებული ყველა ეკონომიკური ბერკეტის ერთბაშად ამოქმედება ახალი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. გამოცდილების მიხედვით, ეს შეიძლება სასარგებლოც კი იყოს საქართველოსთვის.