19 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის თბილისში, პარლამენტის შენობაში ჩატარებასა და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ხილვამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

იმავე დღეს, ამ ფაქტის დასაგმობად, რუსეთის ოკუპაციის კიდევ ერთხელ გასაპროტესტებლად და პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადასაყენებლად რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა — აქტივისტების კატეგორიული მოთხოვნით მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებიც გაუქმდა. სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს ტერიტორია სპეცრეისით დატოვა.

აქცია, რომელიც 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რა დროსაც ძალის გადამეტება და უამრავი აქტივისტის ჯანმრთელობის სხვადასხვა ფორმით დაზიანება მოხდა. შეხლა-შემოხლაში მსუბუქი დაზიანებები მიიღეს სამართალდამცავებმაც.

დაშავდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ყველაზე ცხელი წერტილიდან ცდილობდნენ მაყურებლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და გაჩნდა ძალიან საფუძვლიანი განცდა, რომ სპეცრაზმის ზოგიერთი წარმომადგენელი ხალხს რეზინის ტყვიებს დამიზნებით სახეში ესროდა.

სხვა ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებთან, რომელიც არსებობს, ამ კუთხით, ძალიან საინტერესოა ინტერნეტში გავრცელებული ეს ვიდეოც, რომელიც ასახავს, როგორ ხვდება რეზინის ტყვია კამერას დამიზნებით.