რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურა აბაშიძე ამბობს, რომ ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებაზე დასკვნისთვის მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.

"ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე", — განუცხადა აბაშიძემ რუსთავი 2-ს.

გუშინ, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად პრინციპულები და დაიცავენ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს — ქვეყნის სუვერენიტეტსა და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას.

"მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას", — განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.