სასტუმრო მეხუთე სეზონი ეხმიანება 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ + 20 %-ს გადაახდევინებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტურ რეჟიმს არ გმობენ.

მსგავსი პასუხი გასცა რუსულ პოლიტიკას კაფე ეზომაც. მათ უპასუხეს ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას და რუსი დეპუტატების განცხადებებს მინერალური წყლებისთვის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ და +20%-იანი გადასახადი დაუწესეს რუს ტურისტებს.

"ოკუპირებული სკამი"

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.