თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ითხოვს, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნით სტუდენტებმა პეტიციაც შექმნეს.

სტუდენტების მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ კობახიძეს ეკისრება, რომელმაც მათივე თქმით, უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას.

"ირაკლი კობახიძე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს "საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის" კურსს. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კობახიძეს აღარ აქვს უფლება, უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე. მათი თქმით, კობახიძე თავად არის დაშორებული ამ ღირებულებებს.

ისინი იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ:

  1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;
  2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად.

ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". პროტესტის შემდეგ კონფერენცია შეწყდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გუშინ, 20 ივნისს, 19 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელიც ბოლოს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.