შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისს გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჯამში 305 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალიტი, ნიკა მუხიგულაშვილი. ჟურნალისტი, რომელიც ვიდეომასალას იღებდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

"მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი", — აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთელი ღამის განმავლობაში მართლწესრიგი არაერთხელ დაარღვია.

"მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები — ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი".

შსს-ში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებმა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა მათ თანამშრომლებს და დაზიანდა ტექნიკა.

"მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები — არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.