საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არაძალადობრივი საპროტესტო აქციის ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ორგანიზაცია წერს, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ძალის გამოყენების საკითხი პროტესტის დროს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები.

"სპეცრაზმმა თბილისში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ უნდა გამოიყენოს ზუსტი პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით. ეს უნდა იყოს სწორი პასუხი პროტესტის მონაწილეებისგან მომდინარე საფრთხეზე. რეზინის ტყვიები ყველაზე ბოლო გამოსავალი უნდა იყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

Human Rights Watch-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტებს შორის ზოგიერთი პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა, თუმცა დემონსტრანტები ძირითადად იყვნენ არამოძალადეები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და ნახეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეცრაზმელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ხალხი მათ უსაფრთხო ადგილას მიაცილებდა.

"სამართალდამცავი ორგანიზაციები ვალდებულები არიან პატივი სცენ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ისევე, როგორ ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ძალის გამოყენების დროს სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავებულობა, იმოქმედონ არსებული საფრთხის პროპორციულად და ეცადონ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და ზიანი", — ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ ძალისა და იარაღის გამოყენებამდე უნდა მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს, როგორიცაა ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნა.