რუსეთის დუმის დეპუტატი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამეტში განვითარებული მოვლენების საქართველოს რიგი დეპუტატებისგან ბოდიში მიიღეს. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა კომერსანტს განუცხადა.

"ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეტოვებინა პარლამენტი, გადავედით სასტუმროში, სადაც დავასრულეთ სხდომა. ჩემი ხელმძღვანელობით დღის წესრიგის ყველა საკითხი განვიხილეთ, ყველა ნაციონალურმა დელეგაციამ, ყველა 25-მა ქვეყანამ და დამკვირვებელმა მხარი დაუჭირა ჩვენს პოზიციას. ასამბლეა კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეთა უსაფრთხოებისა და ნაყოფიერი მუშაობის გარანტიები არ არსებობს. ჩვენ მივიღეთ ბოდიშები, რომელიც საქართველოს პარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა გამოთქვა", — აღნიშნა გავრილოვმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცნაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ამავე თემაზე: