რუსეთის დუმის დეპუტატი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, სერგეი გავრილომა განაცხადა, რომ სავარძელთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა და სადაც მიუთითებს მასპინძელი ქვეყანა, იმ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ის რუსულ გამოცემა კომერსანტს ესაუბრა.

მისივე თქმით, პრეზდიუმის დაკავება ქართულმა მხარემ შესთავაზა. როგორც გავრილოვი განმარტავს, გენერალური ასამბლეა მიჰყავს მხოლოდ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტს.

"მინდა ხაზი გავუსვა: ამავე საპატიო ადგილას ვიჯექი საბერძნეთის, ლიბანისა და სხვა პარლამენტებში და არანაირი პრობლემა არ ყოფილა... სადაც დამისვამენ მასპინძლები, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში აქ დამსვეს. მე და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატმა თანაბრად დავიკავეთ ადგილი პრეზიუდმში. ჩვენი კორექტულად დავიწყეთ ღონისძიების წაყვანა. მე კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ქართულ მხარეს ორგანიზებისათვისა და მასპინძლობისთვის. ჩვენ მივართვით საჩუქრები და ჩვენი საკითხების განხილვა დავიწყეთ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ შესვენების დროს შემოვარდნენ ექსტრემისტები, დაიკავეს პრეზდიუმი, გაანადგურეს დოკუმენტები", — ყვება სერგეი გავრილოვი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში 24 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცნაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.