ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტთან აქცია დღეს, 21 ივნისს, 19 საათზე განახლდება.

"აქციებს არ შევწყვეტთ... ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია ეს ხალხი იცავს — ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", — თქვა ვაშაძემ.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების ჩამოსვლა და ოკუპაცია გააპროტესტეს. მოგვიანებით ოპოზიციამ შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ადგილზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა, აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ.