ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანდრია ამბობს, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის მხრიდან მართლმადიდებლობაზე საუბარი უხერხულიც კია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს განუცხადა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უნდა გადადგნენ ისინი, ვინც ქვეყანაში რუსი დეპუტატი შემოსვლა დაუშვა.

"რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც შემოიყვანა ეს პიროვნება საქართველოში და ოკუპანტი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფდა თავისი განცხადებებით. ეს ადამიანი დაგვისვეს პირდაპირ საქართველოს ცენტრში. ხელახალი ოკუპაციაც კი შეიძლება ამას ეწოდოს".

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ ოკუპაციასა და პარლამენტში რუსი დეპუტატების შესვლას აპროტესტებენ.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".