ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. რუსთავი 2-თან საუბრისას აქციის მონაწილემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოთაყვანე მთავრობას არ შეეგუებიან.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც არის ოკუპანტი, ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პარლამენტში დაიკავა ის ადგილი სადაც წლების წინ გამოაცხადა ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა. ეს იყო ცინიზმის პიკი, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, რა თქმა უნდა, სტუდენტები ამას არ შევეგუებით და აუცილებლად რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას გავისტუმრებთ იქ სადაც მათი ადგილია", — თქვა აქციის მონაწილე სტუდენტმა.

სტუდენტები რუსთაველის გამზირს "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთი კლავს" შეძახილებით მიუყვებიან და აპირებენ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდნენ.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა. ამასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები თბილისის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს.