პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გირჩი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართვას. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელ მოვლენებში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საპატრიარქოც. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის ქვეშ ნებისმიერი გაერთიანება რუსეთის ხელში არის ე.წ. რბილი ძალა.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ სირცხვილის, რომელიც დღეს მთელ ქვეყანას გვაქვს არის ეს ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი არის რუსეთის მთავარი პლაცდარმი. ეს ინსტიტუტი არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი. ეს ინსტიტუტი არის ის, რომელიც ჯერ კიდევ ჰყოფს ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებად".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".