იმას, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მთელი დღე საუბრობდნენ, დღის ბოლოს მმართველმა პარტიამ ბრიფინგი მიუძღვნა. საუბარია პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდომაზე. პარტიის თავმჯდომარის, კახა კალაძის განცხადებით, ორგანიზატორებს მოუწევთ განმარტონ, რა და როგორ მოხდა.

"ამ მძაფრი ემოციების ფონზე ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენს მტერს სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცე. ორგანიზატორებს აუცილებად მოუწევთ, მოუბოდიშონ და განუმარტონ საზოგადოებას, რა, რატომ და როგორ ხდება", — თქვა კალაძემ.

კითხვაზე, დადება თუ არა ასამბლეის მასპინძლის, ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, კალაძემ იგივე გაიმეორა, რომ "ორგანიზატორებს მოუწევთ განმარტებების გაკეთება, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი".

მისივე თქმით, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. მისივე თქმით, გუნდში ერთიანი პოზიცია არსებობს, რომ მომხდარი მიუღებელია. კალაძე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს ღონისძიება პარლამენტში არ ჩატარებულიყო.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს".