ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება. ამის შესახებ ევროსაბჭოს კომისარი განცხადებას ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

"ყველა ქართველი არის თანასწორი, რითაც შეუძლიათ დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას, ლგბტი ადამიანების ჩათვლით, დაცული უნდა იყოს ძალადობისგან და სიძულვილის ენისგან, ყველას უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობისნი დემონსტრაციების ჩატარების უფლება", — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 20 ივნისს ევროპარლამენტის ლგბტი ინტერჯგუფის წევრებმა მიმართეს ევროკომისიას, ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანს, ვერა ჯოროვას, რათა საქართველოს ხელისუფლებას თბილისი პრაიდის დაცვისკენ მოუწოდონ, დაიცვან ლგბტ თემის გამოხატვისა და მშვიდობიანი დემონტრაციის უფლება.

გუშინ, 19 ივნისს აშშ-ს საელჩომ საქართველოში თბილისში მყოფ შტატების მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

გუშინვე ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელმომწერი 37 ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საჭირო ზომა გაატარონ საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა და უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.

18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: