საქართველოს პარლამენტის შენობაში "გამკაცრებული უსაფრთხოების" მიზეზით ჟურნალისტებს ისევ არ უშვებენ. ამ ჟურნალისტებს შორისაა On.ge-ს კორესპონდენტი, რომელსაც პარლამენტის აკრედიტაციაც აქვს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლა პარლამენტის შენობის უსაფრთხოებაზე მანდატურის სამსახურთან ერთად სახელმწიფო დაცვის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს.

დაახლოებით ერთი საათის წინ შენობაში არ უშვებდნენ არც პარლამენტის დეპუტატებს. დაცვის თანამშრომლებმა შენობიდან გამოსულ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს უკან შესვლის უფლება აღარ მისცეს. მიზეზი იგივე იყო. რამდეიმეწუთიანი კამათის შემდეგ შენობასთან მდგარი დეპუტატები და ჟურნალისტები შეუშვეს, თუმცა შეზღუდვა ისევ ამოქმედდა.

პარლამენტის შენობაში შეზღუდვის დაწესებას წინ უსწრებდა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების მისვლა. დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა.