საპარლამენტო ოპოზიცია, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. ეს მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ გააჟღერა, რაც რუსმა დეპუტატმა პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იყვნენ. დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს".