პარლამენტში მყოფმა რუსულმა დელეგაციამ საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვა, შენობის გარეთ კი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ. მოქალაქეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით "რუსეთი ოკუპანტია" და აპროტესტებდნენ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მხრიდან პარლამენტის პირველი პირის, ირაკლი კობახიძის სავარძელის დაკავებას.

ოპოზიციის პროტესტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ იქ რუს დეპუტატებს აღარ მიუშვებდნენ.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში არიან. დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა. გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".