ევროპული საქართველიოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან, სადაც რუსი დეპუტატი იჯდა, საქართველოს დროშით ავიდა და მაგიდაზე დატოვებული ფურცლები დახია. ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ტრიბუნასთან დგანან და აცხადებენ, რომ სერგეი გავრილოვს აღარ მისცემენ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავების უფლებას. ირაკლი კობახიძის ადგილი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაბლოკეს და თავმჯდომარის სავარძელში ერთმანეთს ენაცვლებიან.

"საქართველოში ჩამოიყვანეს და პარლამენტში დასვეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეომარი რუსი, არავინ არ დაუშვებს გავრილოვის ამ დარბაზში ყოფნას. აქ ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ", — განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

ფოტო: ევროპული საქართველო

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".