სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, რომელიც მეგობარ ქალთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ქალის არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა იგი.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ქალსა და მის არასრულწლოვან შვილზე.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს: "საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გოლდ-სტარის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა".

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებასა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.