მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოკუპაციას ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო. მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა — ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა — მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია.

"ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს", — აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი.

"ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო".

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) პირველად უმასპინძლებს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში". ასამბლეას რუსი დეპუტატებიც ესწრებიან.

გახსნის დღეს ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

დუმის დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დეპუტატების ჩამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანს მიაყენებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ მიუღებელი განცხადების გამო ქვეყანაში შემოსვლას ვერავის აუკრძალავენ და ამას საერთაშორისო პოლიტიკაში "ქაჯობა" უწოდა.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, IAO-ს ღონისძიებები 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაიწყება და 22 ივნისს კახეთის მონახულებით დასრულდება. დღის წესრიგი ძირითადად ასამბლეის გენერალურ სესიაზე გამოსვლებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.