ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოქალაქეს საკუთარ სახლში ფერადი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. აქციის მონაწილეები ფარდის ჩამოსახსნელად ვერის ბაღიდან დაიძრნენ.

ტელეარხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ უხსნის პოლიციის თანამშრომელი, რომ ეს დროშა და ბინა კერძო საკუთრებაა. ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი აღიარებს, რომ არ იცის ეს დროშა იყო თუ არა. ამავე დროს კი აღნიშნავს, რომ დროშა არ უნდა გადმოკიდონ, რათა ხალხი "არ გააღიზიანონ". აქციის მეორე მონაწილე კი ამტკიცებდა, რომ ორი უზარმაზარი დროშა იყო გადმოფენილი.

"რა მნიშვნელობა აქვს, ფარდა იყო თუ დროშა? ხომ იცოდა, რისი სიმბოლიკაც არის. სხვა ფერის ფარდა გააკეთოს. ეს დღეს გააკეთა შეგნებულად, წინა თვეში რატომ არ ჰქონდა ეს ფარდა, ან წინა კვირაში", — უთხრა აქციის მონაწილემ პირველ არხს.

თბილისი პრაიდის წევრებმა დღეს, 19 ივნისს განაცხადეს, რომ მოკვლით ემუქრებიან. პრაიდის ორგანიზატორებმა გიორგი თაბაგარმა, თამაზ სოზაშვილმა და მარიამ კვარაცხელიამ მუქარის შემცველი სმს შეტყობინებები მიიღეს.

ამასთანავე, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაცა, მათი აზრით, პრაიდის ოფისი მდებარეობდა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან ოფისის დახურვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარების აჭედვით იმუქრებოდნენ. აქციის გამო პრაიდის წევრებს ოფისის დატოვება მოუწიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. მათივე თქმით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.