თუ ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Led Zeppelin-ის 1973 წლის ალბომის, Houses of the Holy-ს ყდას Facebook-ზე დადებთ, შესაძლოა, ცენზურასთან პრობლემები შეგექმნათ.

Classic Rock magazine-ის ინფორმაციით, სოციალური მედიის გიგანტმა ბრიტანელი გრაფიკული დიზაინერის, ობრი პაუელის საკულტო ნამუშევარი დაბლოკა, სადაც ჩანს, თუ როგორ ძვრებიან შიშველი ბავშვები ქვებზე. ყდა არტურ კლარკის ცნობილი Sci-Fi რომანის, ბავშვობის დასასრულის მიერ არის ინსპირირებული. დიზაინერულმა კომპანიამ, Hipgnosis-მა, რომლიც ერთ-ერთი დამფუძნებელიც ობრი პაუელი იყო, ნამუშევარი Led Zeppelin-ის ალბომისთვის 70-იან წლებში შექმნა.

ცნობილი როკ-ჯგუფის ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯის ადმინისტრატორმა ყდა 2011 წელს, ჯგუფის გვერდზე განათავსა. 8 წლის შემდეგ კი ფეისბუქმა შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ ფოტომასალა სოციალური ქსელის კონტენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. მსგავსი პრობლემის შესახებ ბოლო დროს აქტიურად წერენ სხვადასხვა მომხმარებლები და ფეისბუქის გვერდები.

Led Zeppelin - Houses of the Holy / 1973

Led Zeppelin - Houses of the Holy / 1973

ფოტო: Hipgnosis

ცენზურის მოხსნის მოთხოვნით პეტიციაც კი შეიქმნა. თუმცა, როდესაც მომხმარებლებმა ის საკუთარ გვერდებზე გააზიარეს, ამ შემთხვევაშიც კურიოზული პრობლემა შეექმნათ. ბმულის გაზიარებისას გამოჩენილი ალბომის ყდა ფეისბუქმა ასევე დაბლოკა.

დიდი ალბათობით, ფოტო სოციალური ქსელის ავტომატურ ფილტრს ვერ გადის, რომელიც ადამიანების მიერ სხვადასხვა დროს დარეპორტებული მასალების საფუძველზე შექმნილი ალგორითმით მუშაობს და ობრი პაუელის ნამუშევარს პედოფილიის გამოვლინებად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პრობლემებს ასევე წააწყდა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის, Nirvana-ს ალბომი Nevermind.