საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში თბილისი პრაიდის აღლუმსა და აგრესიულად განწყობილ ჯგუფებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლგბტ თემი თავს არავის ესხმის და, პირიქით, თავს იცავს, რადგან მუდმივი თავდასხმის მსხვერპლია.

"განსხვავებით ამ მეორე ბანაკისგან, რომელიც აგრესიას ახორციელებს, ლგბტქ თემი თავს იცავს... ისინი თავს იცავენ, რადგან მათი ყოველდღიური ყოფა არის მუდმივი თავდასხმა და საშიშროებაში ცხოვრება, რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან ან მოკლავენ. თუ არ მოგწონს ასეთი აღლუმები, პირველი იყავი მათი დამცველი და აღარ იქნება საჭირო აღლუმი. აღარ იქნება საჭირო ასეთი ორგანიზებული თავის დაცვა, თუ თქვენ დაიცავთ ამ ადამიანებს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა დაპირისპირებაში რუსულ კვალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროცესში დასაცავია არამხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ სახელმწიფოც.

"ის, რომ ევროპა, დასავლეთი გვართმევს ქართველობას და, აბა, სასწრაფოდ დავიცვათ ქართველობა იმითი, რომ დავუპირისპირდეთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ შეურაცხყოფა მივაყენოთ და გავსრისოთ — ეს არის ათი ათასჯერ გათამაშებული სქემა, რასაც რუსები აკეთებენ. პირდაპირ, ყველაზე მარტივი "ზაგადოვკაა", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ საერთო ენა მაინც უნდა იპოვოს და გაუფრთხილდეს ქვეყანას, რომელიც დიდი გამოწვევების წინაშე დგას:

"სუსტის დაჩაგვრა რატომ არის ასეთი ზეიმი არ მესმის, რატომ არ არის სირცხვილი და შემაშფოთებელი ეს აგრესია, რომელიც ისმის".

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი და "ღირსების მარში". თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღირსების მარში 23 ივნისს გაიმართება, თუმცა ამ ეტაპისთვის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროებული არ არის.

თბილისი პრაიდის წევრებმა დღეს, 19 ივნისს განაცხადეს, რომ მოკვლით ემუქრებიან. პრაიდის ორგანიზატორებმა გიორგი თაბაგარმა, თამაზ სოზაშვილმა და მარიამ კვარაცხელიამ მუქარის შემცველი სმს შეტყობინებები მიიღეს. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ამასთანავე, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაცა, მათი აზრით, პრაიდის ოფისი მდებარეობდა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან ოფისის დახურვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარების აჭედვით იმუქრებოდნენ. აქციის გამო პრაიდის წევრებს ოფისის დატოვება მოუწიათ.