პრეზიდენტის ყოფილ სასახლესთან მოქალაქეები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსი დეპუტატების მონაწილეობას აპროტესტებენ. ისინი ბანერებით ხელში რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და იძახდნენ "დაგმე რუსეთი". აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) პირველად უმასპინძლებს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში". ღონისძიება პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარს, ირაკლი კობახიძის მიმართვით გაიხსნება.

დუმის დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დეპუტატების ჩამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანს მიაყენებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ მიუღებელი განცხადების გამო ქვეყანაში შემოსვლას ვერავის აუკრძალავენ და ამას საერთაშორისო პოლიტიკაში "ქაჯობა" უწოდა.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, IAO-ს ღონისძიებები 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაიწყება და 22 ივნისს კახეთის მონახულებით დასრულდება. დღის წესრიგი ძირითადად ასამბლეის გენერალურ სესიაზე გამოსვლებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.

ამავე თემაზე: