ეს საზარელი ამბავი მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე მოზარდისაა, რომელმაც თავი სიკვდილამდე შიმშილობით მიიყვანა. იქამდე მან, მშობლებისგან დაფარულად, ევთანაზიის უფლებაც ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ის ამისთვის ზედმეტად ახალგაზრდად და, ამასთან, განკურნებადი დაავადების მქონედ მიიჩნიეს.

ჰოლანდიაში ექიმის ხელით ევთანაზია, მართალია, მკაცრი მოთხოვნების დაცვით, მაგრამ მაინც კანონიერია. ნოას შემთხვევა ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

ახალი ამბების საერთაშორისო გამოცემებმა ჰოლანდიური გაზეთების სტატიებს გადახედეს და აღმოაჩინეს, რომ ნოას ადრე სიცოცხლის დამმასრულებელი კლინიკისთვის მიემართა. გოგოს ფოტოების მოსაპოვებლად ჟურნალები მის სოციალური მედიის გვერდებს შეესიენ და მყვირალასათაურებიანმა სტატიებმა მსოფლიოს "ტრავმირებული თინეიჯერის ტრაგიკულ ბედზე" ამცნეს - გოგოზე, რომელმაც ცხოვრებისეულ ტანჯვას ევთანაზიით დააღწია თავი.

თუმცა ეს სიცრუე იყო.

შესაძლოა, ეს თარგმნისას დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელიც რედაქტორებს ამბის სასწრაფოდ გამოქვეყნების ციებ-ცხელებისას გაეპარათ ისე, რომ ფაქტები არც კი გადაუმოწმებიათ.

ნოას სიკვდილი შიმშილმა გამოიწვია: ეს ჩაურევლობის შემთხვევა იყო და არა - ჩარევის.

ამ გაუგებრობას ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ლიზა უესტერველდი საკუთარი ტვიტერის გვერდზე შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: "საერთაშორისო პრესაში ნოას ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა. მის მეგობრებსა და ოჯახს სურს, ხალხმა იცოდეს, რომ ის ევთანაზიის შედეგად არ გარდაცვლილა. მედიის თითოეულ წარმომადგენელს ვთხოვ, პატივი სცეს ნოას ოჯახის პირად სივრცეს და აცალოს მათ გლოვა".

ნოას ისტორია

11 წლის ასაკში ნოა პოთოვენი სკოლის წვეულებაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 3 წლის შემდეგ ის ორმა კაცმა გააუპატიურა.

შიშმა და სირცხვილმა მას ჩუმად ყოფნა აიძულა.

ტკივილმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), დეპრესია და კვებითი აშლილობები გამოიწვია. დროთა განმავლობაში ნოამ თავისი დღიური ავტობიოგრაფიად გარდაქმნა და იმ ტაბუების დასამსხვრევად გამოსცა, რომლებიც მის მსგავსად ძალადობაგადატანილ მოზარდებს ჩუმად ტანჯვასა და ტრავმასთან მარტოსულად გამკლავებას აიძულებენ.

მაშინ, როცა ნოა სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე საუბრობდა, მისი საკუთარი ყოფა სულ უფრო უარესდებოდა. საბოლოოდ კი, მისი ინსტაგრამის გვერდზე ეს ტექსტი გაჩნდა:

"წლების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლისა და წინააღმდეგობის შემდეგ მე გამოვიფიტე. უკვე დიდი ხანია, ჭამა და სმა შევწყვიტე და ბევრი მსჯელობისა და განსჯის შემდეგ გადაწყდა, რომ წასვლის ნება დამრთონ, რადგან ჩემი ტანჯვა აუტანელია.

"შიშისა და სირცხვილის გამო, მე იმ შიშს, იმ ტკივილს ყოველდღიურად ხელახლა განვიცდი. ყოველ წამს მეშინია. ყოველ წამს საშინელებას მოველი. და ამ დღემდე ვერ ჩამოიშორა ჩემმა სხეულმა სიბინძურე.

"ჩემს სახლში შემოიჭრნენ, ჩემს სხეულში, რისი შეცვლაც შეუძლებელია".

ნოას დამ, იზამ, მომხდარი ინტერნეტის მომხმარებლებს ამ სიტყვებით ამცნო: "კვირას, 2 ივნისს, 02:40 საათზე ნოა გარდაიცვალა. მშვიდად იძინე, ტკბილო. ჩვენ შენი გაშვების გარდა აღარაფერი დაგვრჩენოდა".

მსოფლიოს გარშემო კი მისი სიკვდილის მცდარი მიზეზი გავრცელდა: "17 წლის ჰოლანდიელი გოგო, რომელიც ბავშვობაში გააუპატიურეს, კანონიერი გზით განხორციელებული ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა".

ეს ყალბი ინფორმაცია ისეთი მასშტაბით მოედო საერთაშორისო მედიას, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ტვიტერამდეც კი მიაღწია.

"ევთანაზია და თვითმკვლელობის ხელშეწყობა ყოველი ჩვენგანის მარცხია. ჩვენ მოგვეთხოვება, არასდროს მივატოვოთ გასაჭირში მყოფნი, არასდროს ჩავიქნიოთ ხელი იმ ზრუნვასა და სიყვარულზე, რომელსაც იმედის აღდგენა ძალუძს".

რა მოხდა სინამდვილეში?

ნოა პოთოვენს არ მიუღია წამლების მომაკვდინებელი კოქტეილი სასმელის ან ინექციის სახით, როგორც ეს ევთანაზიის დროს ხდება ხოლმე. მან შიმშილობა გადაწყვიტა, რის გამოც საკვებს მილის საშუალებით ძალით აწოდებდნენ. საბოლოოდ, ოჯახმა მისი სიკვდილის სურვილი მიიღო და იმის ნაცვლად, რომ ძალით შეენარჩუნებინათ მოზარდის სიცოცხლე, პალიატიური მზრუნველობის მეთოდს მიმართეს, რათა მისი ბოლო დღეები რაც შეიძლება მშვიდი და ასატანი ყოფილიყო.

ჰოლანდიის კანონმდებლობის თანახმად, პალიატიური სედაცია სიცოცხლის ბოლოს ტანჯვის შემსუბუქებას ისახავს მიზნად და მაშინაა დასაშვები, როცა პაციენტის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 კვირას არ აღემატება.

სიცოცხლის დამსრულებელმა კლინიკამ ნოას მეგობრების განცხადება გაასაჯაროა: "ამას ვაცხადებთ იმისათვის, რომ მისი სიკვდილის შესახებ (განსაკუთრებით, უცხოურ მედიაში გავრცელებულ) არასწორ ინფორმაციას ბოლო მოვუღოთ. ნოა პოთოვენი ევთანაზიით არ მომკვდარა. ტანჯვისაგან გასათავისუფლებლად მან ჭამა და სმა შეწყვიტა".

ფოტო: Noa Pothoven

დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბურობის გამო ჰოლანდიის სამეფოს სამედიცინო ასოციაციამაც ჩათვალა თავი ვალდებულად, ოფიციალური განცხადება გამოექვეყნებინა: "ჰოლანდიის კანონმდებლობის თანახმად, ევთანაზია განიმარტება, როგორც ექიმის მიერ სიცოცხლის აქტიური ჩარევის შედეგად შეწყვეტა, პაციენტის მიერ ნებაყოფლობითი და კარგად ინფორმირებული თხოვნის საფუძველზე... [ეს წესი გამოიყენება] ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო მდგომარების გამო გაუსაძლისად იტანჯებიან".

საბოლოო ჯამში შედეგი იგივეა - მოზარდს სიცოცხლის დასრულების უფლება მისცეს. და, შესაძლოა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ მიიპყრო ამხელა ყურადღება ნოა პოთოვენის ამბავმა.

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ფიზიკურად ჯანსაღ თინეიჯერს, არსებითად, თავის შიმშილით მოკვლის უფლება მისცეს. რთულია დაიჯერო, რომ არანაირი ალტერნატივა, გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ არსებობდა.

რა როლი ითამაშეს ჯანდაცვის მუშაკებმა ნოას ტრაგედიაში?

ნოა პოთოვენის დარდით მოკლულ მშობლებს, ლისეტს და ფრანსს სჯერათ, რომ ჰოლანდიის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა თავიანთი მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულეს. მათი ქალიშვილი ინტენსიური ტრავმის მკურნალობის პროცესს გადიოდა. საავადმყოფოში მან გარკვეული დრო ხელოვნურად გამოწვეულ კომაში, საკვებ მილზე მიერთებულმა გაატარა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც ხშირად ანთავსებდნენ.

ნოამ ეს გამოცდილებები მოიხსენია, როგორც "შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი". მან საინფორმაციო ვებ-გვერდს, Gelderlander-ს ერთხელ ისიც განუცხადა, რომ კვებითი აშლილობისთვის მკურნალობის მისაღებად ერთ წელზე მეტხნიანი ლოდინი მოუწია.

მისი ოჯახი იმედოვნებს, რომ ის გამოცდილება, რომელიც ნოამ თავის ავტობიოგრაფიაში, გამარჯვება ან სწავლა, აღწერა, მომავალში იმ ახლგაზრდების მკურნალობის პროცესს გააუმჯობესებს, რომლებიც მსგავს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

გასულ წელს ჰოლანდიაში 10-დან 19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 81-მა ახალგაზრდამ დაასრულა ცხოვრება თვითმკვლელობით.

როგორია ევთანაზიის შესახებ კანონი ჰოლანდიაში?

მიუხედავად იმისა, რომ ნოას ევთანაზიის თხოვნაზე უარი ეთქვა, მისი ამბის გარშემო საერთაშორისო ინტერესი სწორედ ასისტირებული სუიციდის შესახებ დისკუსიამ გაზარდა.

ჰოლანდიაში მოქმედი კანონის თანახმად, ევთანაზიის უფლების მისაღებად პაციენტები დაუსრულებელ და გაუსაძლის ფიზიკურ ან გონებრივ ტანჯვას უნდა განიცდიდნენ. ამასთან, ისინი საკმარისად საღ გონებაზე უნდა იმყოფებოდნენ იმისათვის, რომ მათი გადაწყვეტილება ბოლომდე გააზრებულად მიიჩნიონ.

სიკვდილის მსურველი ადამიანი მინიმუმ 12 წლის უნდა იყოს, 16 წლამდე ასაკის მოზარდებს კი მშობლების თანხმობაც სჭირდებათ.

ამის შემდეგ რეგიონალური კომისია წყვეტს, რამდენად სათანადოდ იზრუნა ექიმმა პაციენტზე. იმ სამედიცინო მუშაკის წინააღმდეგ, რომლის ქმედებაც საეჭვოდ ჩაითვლება, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოზარდებს სიკვდილის უფლებას ძალიან იშვიათად აძლევენ ხოლმე.