Lithoredo abatanica უჩვეულო მადის მქონე ორგანიზმია — ის ქვას ჭამს. გადამუშავების ჯერჯერობით შეუსწავლელი პროცესის შემდეგ კი ის ორგანიზმიდან ქვიშას გამოჰყოფს.

ეს ფილიპინების ერთ-ერთი მდინარის ფსკერზე ნაპოვნი მოლუსკია, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გავრცელდა.

ორგანიზმი გემის ჭიაა, ეს ორსაგდულიან მოლუსკებთან მონათესავე ცხოველთა ჯგუფია, თუმცა Lithoredo abatanica იმდენად უჩვეულოა, რომ მეცნიერებმა ის ახალ სახეობასა და გვარს მიაკუთვნეს.

ფოტო: CreditMarvin A. Altamia and Reuben Shipway

გემის ჭიები, როგორც წესი, ცნობილები არიან იმით, რომ ხეს ჭამენ. ამის გამო ისინი მოზღვაურებისთვის მუდამ დიდ თავის ტკივილს წარმოადგენდნენ. ხის მჭამელი გემის ჭიები მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი ხეს ლაყუჩებში არსებული სიმბიოტური ბაქტერიით ინელებენ. ბაქტერია ფერმენტების მთელ რიგს წარმოქმნის, მათი შესწავლით კი, შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკებიც კი მივიღოთ.

აბატანის მდინარეში, ასეთი ჭიების არსებობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ გაავრცელა, რომელმაც მდინარე შეისწავლა.

ნორთვესტერნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუბენ შიპვეიმ და დანიელ დისტელმა მდინარეში ყვინთვისას დიდი ღრუების მქონე ქვიშაქვის ნიმუშები აღმოაჩინეს.

ფოტო: Marvin A. Altamia and Reuben Shipway

ქვებიდან კი მეცნიერებმა ნახევრადგამჭვირვალე ორგანიზმები გამოიყვანეს. ახლადაღმოჩენილ ჭიებს გემის ჭებისთვის დამახასაითებელი ერთ-ერთი მომნელებელი ორგანო აკლდათ, მათი ნაწლავები კი ქვებით იყო სავსე. იმავე ქვებით, რომლებშციც ეს ჭიები თავად ცხოვრობდნენ.

"ჩვენ ამ ცხოველების ნაწილი აკვარიუმში მოვათავსეთ, სადაც ცალსახად ვხედავდით, როგორ აფრქვევდნენ ისინი ქვიშის ნაწილაკებს", — აცხადებს პროფესორი შიპვეი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სარგებელს იღებენ ეს ჭიები ქვის ჭამით. ერთ-ერთი იდეის თანახმად, ქვებს ისინი, შესაძლოა, პლანქტონისა და სხვა საკვების გადასამუშავებლად იყენებდნენ.

ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენთვის უცნობი გზით ჭიები ქვიდან საკვები ნივთიერებების ამოღებას ახერხებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქვის მჭამელი ჭიების ლაყუჩები განსაკუთრებით დიდი ზომისაა, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ეს ორგანო, თავისი სიმბიოტური ბაქტერიებით ჭიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს.

ამჟამად გუნდი Lithoredo abatanica-ს დნმ-ის გაშიფვრაზე მუშაობს, რის შედეგაც ჭიის ამ უცნაურ და ამოუხსნელ თვისებას, შესაძლოა, ნათელი მოეფინოს.