19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) პირველად უმასპინძლებს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".

ღონისძიებას 24 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის იქნება რუსეთის დუმის სამი დეპუტატი — სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი და ალექსეი ჩეპა. ამ დეპუტატებს საქართველოს წინააღმდეგ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული და ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.

დუმის დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დეპუტატების ჩამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანს მიაყენებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ მიუღებელი განცხადების გამო ქვეყანაში შემოსვლას ვერავის აუკრძალავენ და ამას საერთაშორისო პოლიტიკაში "ქაჯობა" უწოდა.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, IAO-ს ღონისძიებები 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაიწყება და 22 ივნისს კახეთის მონახულებით დასრულდება. დღის წესრიგი ძირითადად ასამბლეის გენერალურ სესიაზე გამოსვლებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.

26-ე გენერალური ასამბლეას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. ამასთანავე გაიხსნება გამოფენა "აღდგომა იესო ქრისტესი".

20 ივნისს ასამბლეა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც სესია გაიმართება. IAO-ს გენერალური მდივანი, ანდრეას მიხაილიდისი ასამბლეის საქმიანობას მიმოიხილავს. ამასთანავე, წარადგენენ ფინანსური მართვის ანგარიშს, დაამტკიცებენ 2018-2019 წლის ფინანსურ ანგარიშს, ასამბლეის ყოფილ წევრებს დააჯილდოებენ და ოფიციალურ პირებს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ გამოსვლების ნაწილში ორგანიზაციის საქმიანობას მიმოიხილავენ, განაახლებენ ორგანოების შემადგენლობას და 2019-2020 წლის საქმინობას დაგეგმავენ და დაამტკიცებენ.

21 ივნისს ასამბლეის სესია IAO-ს კათოლიკე კანონმდებელთა საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელისა და ევროპარლამენტის წევრის, ლუკა მენდელის მისასალმებელი სიტყვით დაიწყება. ამას მოჰყვება ჰასან მუჰეიბერის პრეზენტაცია, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე დევნის მონიტორინგის საპილოტე პროგრამის დაარსებას ეხება. თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს ორგანიზაცია რელიგიები მშვიდობისათვისევროპას გენერალური მდივანი, უგო მელხიონდაც.

კვიპროსის პარლამენტისა და IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს წევრი ანგელოს ვოცისი წარდგება მოხსენებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ქრისტიანთა წინსვლის ცენტრის ან ინსტიტუტის დაარსებას შეეხება. სესიის ფარგლებში გაიმართება AO-ს შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია "საპარლამენტო დემოკრატია და ქრისტიანული ფასეულობები: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 25 წელი". ამავე დღეს გაიმართება დისკუსიები და დასკვნითი დოკუმენტის მიღება. დღის ბოლოს კი დელეგაციის წევრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორე შეხვდებიან.