სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ TV იმედის სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაცემაში პირისპირ სტუმრად არიან მიწვეულები გურამ ფალავანდიშვილი და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა წევრები. ფერაძის თქმით, ის მხოლოდ იმის სათქმელად მივიდა, რომ ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ და არა ტელევიზიის სტუდიაში:

"ის, რომ ეს ადამიანები იმედის სტუდიაში სხედან და არა სასჯელაღსრულების ადგილას, ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ იმედი ასრულებს სახელმწიფოს დავალებას და ტირაჟირებს ძალადობას. მე ახსნა-განმარტებას არ ვაპირებ. მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში, კონსტიტუცია უნდა კონსტიტუციობდეს. მე ამათთან ჯდომა არ შემიძლია, ერთ სივრცეში ყოფნა დამამცირებელია".

14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჰომოფობიური ჯგუფების წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძე მოკვლით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით კი რამდენიმე მათგანი პოლიციამ მასზე თავდასხმის მცდელობისას დააკავა.

"დაამტვრიეთ", "მოკალით", — მოუწოდებდნენ ერთმანეთს ისინი და ნატა ფერაძეს მისდევდნენ, რომელიც პოლიციამ ტერიტორიას განარიდა. ამ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფერაძის მედიასთან საუბარი, რა დროსაც მას ერთმა პირმა შეაფურთხა. საბოლოოდ, პოლიციამ ფერაძე ტერიტორიიდან მანქანით გაიყვანა.