ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ TV პირველის ჟურნალისტს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, შეურაცხმყოფელი ტერმინით მიმართა და "შეურაცხადი" უწოდა. ჟურნალისტი მას ეკითხებოდა, თუ რა გეგმა ჰქონდა, თუ თბილისი პრაიდი მაინც გაიმართებოდა. ვასაძემ მოკლედ უპასუხა, რომ იმას იზამს, რაც უკვე თქვა:

"ძალიან მიჭირს [გამეორება], როდესაც შეურაცხად ადამიანთან ვლაპარაკობ", — განაცხადა ვასაძემ.

"ჩემზე საუბრობთ?" — ჰკითხა ჟურნალისტმა.

"კი, აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ხართ ალესილი ლიბერალური მახვილივით. თქვენ მე მაწამებთ უკვე 15 წუთია, მაგრამ ვერ გამომიყვანთ იმიდან... შეკითხვებს კი არ მისმევთ, თქვენ მე მეფარიკავებით და მე ქალებთან არ ვფარიკაობ. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ შეტევაზე გადმოსული. მე ყველა კითხვაზე გაგეცით პასუხი. თქვენ არცხვენთ თქვენი დამსაქმებლის ლოგოს", — თქვა ლევან ვასაძემ.

გუშინ, 17 ივნისს ვასაძემ განაცხადა, რომ ლეგიონის პატრულირებას აუქმებს. მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდის გუნდს მსვლელობის ჩატარებაზე უარი უთხრა და აქციის გამართვა აუკრძალა, ამიტომ პატრულირების საჭიროება აღარ არსებობდა.

17 ივნისს შსს-მ გამოძიება დაიწყო სახალხო რაზმების შექმნაზე, რომელიც ბიზნესმენმა "ნამდვილი კაცების" აქციაზე დააანონსა. აქციის შემდეგ მოხალისეები, მათ შორის დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩაეწერენ რაზმში, რომელიც მიზნად პოლიციის კორდონების გარღვევას, სამმართველოებიდან მხარდამჭერების ძალით გამოყვანას, ლგბტ პირების ყურის აწევას, ხელების ქამრით შეკვრას და კომბლით გალახვას ისახავდა მიზნად.