დღეს, 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებული სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვისაც მიუღებელია, "როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა".

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქოში რელიგიური კონფესიების შეხვედრა შედგა, მათ შორის, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. განცხადების თანახმად, ისინი ერთობლივი მიმართვის გავრცელებასაც გეგმავენ.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 14 ივნისს ხელისუფლებას მოუწოდა, თბილისი პრაიდი არ დაუშვას. თავის განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა "გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება" და არ წაახალისონ მსგავსი აქტივობები.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, "თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ".

"როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: