27 წლის მალაიზიელ მომღერალს, ზარით სოფია იასინს სახლში დათვის უკანონოდ ყოლა ედება ბრალად. ინფორმაციას The Jakarta Post ავრცელებს.

იასინი, რომელიც მალაიზიური რეალითი შოუს, Rockanova-ს ერთ-ერთი მონაწილე იყო, აცხადებს, რომ მან გზის პირას დასუსტებული ძაღლი დაინახა და გადაწყვიტა, რომ ის სახლში წაეყვანა. ის მალევე მიხვდა, რომ ცხოველი სინამდვილეში დათვი იყო, თუმცა მან მისი სახლში წაყვანა მკურნალობის მიზნით მაინც გადაწყვიტა.

იასინი აცხადებს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ის დათვის ზოოპარკისთვის გადაცემას აპირებდა.

"ღამით დასუსტებული დათვი გზის პირას ვიპოვე და ის ძაღლი მეგონა. ზოოპარკში მისი გაგზავნა არ მინდოდა, რადგან იქ ცხოველები გამხდრები არიან", — აცხადებს ის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა მალაიური დათვის ვიდეო, რომელიც ფანჯრიდან თავს ჰყოფს. საბოლოოდ კი პოლიციამ მის სახლში მალაიური დათვი იპოვა. ადგილობრივი კანონის მიხედვით, დაცული ცხოველის სახლში ყოფნა $50 000-იანი ჯარიმით, ან 10-წლიანი ციხით ისჯება.

სავარაუდოდ, იასინს დათვის გაყიდვა სურდა. მისი თქმით, მან იცოდა, რომ დათვს სახლში დიდი ხნით ვერ გააჩერებდა და რომ მას მხოლოდ ცხოველის დახმარება სურდა.

ამჟამად, 6 თვის ბელი ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების ადგილობრივმა დეპარტამენტმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

უცნაურია, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს დათვი ძაღლში აერიათ. გავრცელებული ცნობით, ჩინეთში ერთ-ერთ ოჯახს 82-კილოიანი დათვი ორი წლის განმავლობაში უბრალოდ დიდი ძაღლი ეგონა.