ვუდი ჰარელსონი ახალ მინისერიალზე, ყველაზე საშიში კაცი ამერიკაში მუშაობს, რომელშიც ცნობილი ფსიქოლოგის, ტიმოთი ლირის როლს ითამაშებს და ამავდროულად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. პროექტი ამავე სახელის წიგნის ადაპტაციაა, რომლის ავტორებიც ბილ მინუტაგიო და სტივენ დევისი არიან.

სერიალი 1970 წლის მოვლენებს გააცოცხლებს, როდესაც ჰარვარდის ყოფილი პროფესორი ციხიდან გაიქცა. მას მარიხუანას შენახვისთვის 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ციხიდან გაქცევის შემდეგ, ტიმოთი ლირიმ რადიკალი აქტივისტების ჯგუფის, Weather Underground-ის დახმარებით ქვეყნის დატოვება და ალჟირში გაქცევა მოახერხა. ცოტა ხანში ლირი და მისი მეუღლე ალჟირიდან შვეიცარიაში გადადიან, სადაც ის LSD-ის შემქმნელს, ალბერტ ჰოფმანს ხვდება. თუმცა ის თავშესაფარს ვერ პოულობს და იძულებულია, ავღანეთში გაიქცეს.

მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ნადირობის მიუხედავად, მან თავისუფლად 28 თვე გაატარა. 1972 წელს კი, ქაბულის აეროპორტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. 1976 წელს მან საპატიმრო კანონიერად დატოვა.