ყოველწლიურად მარსის ზედაპირს 200-მდე ასტეროიდი და კომეტა ეჯახება. უმეტესობა მათგანი წითელი პლანეტის ზედაპირზე გარკვეულ კვალს ტოვებს, თუმცა ახლა მეცნიერებმა იპოვეს ერთ-ერთი ასეთი შეჯახების შედეგად გაჩენილი კრატერი, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებულია.

ზომისა და შეჯახების შედეგად გამოწვეული ტალღების გარდა, კრატერს შავი და ლურჯი შეფერილობაც გამოარჩევს, რომელიც პლანეტის წითელ ზედაპირთან ძლიერ კონტრასტს ქმნის.

კრატერი Mars Reconnaissance Orbiter-მა კამერა HiRISE-ით აპრილში გადაიღო, ფოტო კი ნასამ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

კრატერი, რომელიც სიგანეში დაახლოებით 15-16 მეტრია, სავარაუდოდ, 1,5 მეტრის სიგანის მეტეორის შეჯახებას უნდა გამოეწვია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზომის ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას მყისიერად დაიწვებოდა, თუმცა, რადგანაც მარსის ატმოსფერო ბევრად უფრო თხელია, კოსმოსურმა ქვამ მის ზედაპირამდე ჩაღწევა მოახერხა.

"ამ კრატერს განსაკუთრებულს მის გარშემო მოშიშვლებული მუქი მატერია ხდის", — ნათქვამია HiRISE-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარსის ამ რეგიონის გეოგრაფია კვლავ შეუსწავლელია, თუმცა არიზონას უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი ვერონიკა ბრეი Space.com-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შავი მატერია, სავარაუდოდ, ბაზალტია, ლურჯი ფერის თავისებურებები კი, დიდი ალბათობით, ყინულია, რომელიც ქვიშის ქვეშ იმალებოდა.

ზემოთ მოცემულ ტვიტში ასევე ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს რეგიონი კრატერის გაჩენამდე. კრატერის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მეცნიერების ვარაუდით, შეჯახება 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე უნდა მომხდარიყო.