ძაღლები ადამიანებთან თვალის კონტაქტს, ცხოველების სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მუდმივად ითხოვენ. ადამიანების გარშემო გაზრდისას, ლეკვები ჩვენი ყურადღების მოთხოვნას ოთხი კვირის ასაკიდან ცდილობენ. ახალი კვლევის მიხედვით კი ძაღლებს ასეთი გამომეტყველების მიღება სწორედ იმიტომ შეუძლიათ, რომ ჩვენ მათი თვალების უგულებელყოფა თავს დამნაშავედ გვაგრძნობინებს.

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლის სახეზე არსებული მიმიკური კუნთები ისეთი გამომეტყველებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელთა მიღებაც მგლებს არ შეუძლიათ. ძაღლები წარბების აწევასა და თქვენთვის თავის შეცოდებას თვალების გარშემო არსებული სპეციალური წყვილი კუნთების საშუალებით ახერხებენ.

ეს პირველი ბიოლოგიური მტკიცებულებაა იმისა, რომ ძაღლებს მოშინაურების პროცესში ეს კუნთები ერთი კონკრეტული მიზნისთვის, ადამიანებთან კომუნიკაციისთვის გამოუმუშავდათ. ეს ორი კუნთი თვალებს უფრო დიდს და საყვარელს აჩენს, რაც ძაღლებს ადამიანებისგან მეტი სარგებელის მიღების საშუალებას აძლევს.

კვლევა პორტსმუთის უნივერსიტეტის ძაღლთა შემეცნების ცენტრის გუნდმა ჩაატარა. მეცნიერები უკვე დიდი ხანია სწავლობენ, თუ როგორ ამყარებენ ძაღლები ადამიანებთან თვალის კონტაქტს და თუ როგორ იყენებენ ისინი ამ კომუნიკაციისათვის წარბებს.

2017 წელს კვლევის ავტორმა, ჯულიან კამინსკიმ დაადგინა, რომ ძაღლები წარბებს უფრო ხშირად ამოძრავებენ მაშინ, როდესაც ადამიანი მათ ყურადღებას აქცევს, ხოლო უფრო ნაკლებად, როდესაც მათ ვაიგნორებთ, ან საკვებს ვაძლევთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ წარბების მოძრაობა, გარკვეულწილად, მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ როდესაც ძაღლები ადამიანებთან კომუნიკაციისას წარბის კუნთებს იყენებენ, ჩვენ მათ მიმართ უფრო დამყოლები ვხდებით.

ეს ყველაფერი ათასობით წლის ადამიანთან ერთად კვალდაკვალ ევოლუციის შედეგია. ამის გადამოწმება კი მგლების შესწავლით შეგვიძლია. ძაღლები მგლებს დაახლოებით 33 000 წლის წინ გამოეყვნენ, სწორედ ამ დროს იწყება ძაღლის მოშინაურება და ევოლუცია — პროცესი, რომელშიც ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული. ხოლო თუ დავადგენთ, როგორ შეიცვალა ძაღლი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ამ ორ, უკვე სხვადასხვა სახეობას შორის განსხვავებების ამოცნობას უფრო მარტივად შევძლებთ.

მეცნიერებმა ამ კუნთის პოვნა ოთხ რუხ მგელში სცადეს, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ მათ იპოვეს ბოჭკოები, რომლებიც, შესაძლოა, ამ კუნთების წინამორბედი სტრუქტურები იყოს. ხოლო ძაღლების შერჩეული ექვსი ჯიშიდან, მეცნიერებმა წარბის კუნთები ხუთში იპოვეს. გამონაკლისი ციმბირული ჰასკი იყო, რომელიც ჯგუფში ყველაზე ძველ ჯიშს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ცვლილებების წყარო ხშირად ცხადი არ არის. ძაღლების ზოგიერთი თვისება, მაგალითად, ჩამოყრილი ყურები და მოკლე დრუნჩი, დიდი ალბათობით, იმავე უჯრედებთანაა კავშირში, რომლებიც ძაღლის ხასიათს, მაგალითად, დამჯერობას განაპირობებენ — თვისება, რომელიც სასურველია, რომ სახლის შინაურ ცხოველს ჰქონდეს. ამ ახალი კვლევის შემთხვევაში კი კავშირი ფიზიკურ თვისებასა და მასთან ასოცირებულ ქცევას შორის უფრო პირდაპირია.

"წინამორბედი კვლევები მიუთითებს, რომ წარბის კუნთების მქონე ძაღლების მიმართ ადამიანები უფრო დადებით ქცევას ავლენდნენ. ახლანდელი კვლევით კი ირკვევა, რომ ეს თვისება ძაღლებს მგლებისგან გამოყოფის შემდეგ ჩამოუყალიბდათ", — აცხადებს დიუკის უნივერსიტეტის ძაღლთა შემეცნების ცენტრის დირექტორი ბრაიან ჰარი.

წარბის აწევა არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი სიგნალია, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

ძაღლებს კი აქვთ უნარი, რომ ადამიანებს მოგვბაძონ და ჩვენგან გარკვეული ქცევები გადაიღონ. ასეთ ქცევას მათთვის პირდაპირი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ძაღლებს, რომლებიც წარბებს აქტიურად იყენებენ, თავშესაფრებიდან ბევრად უფრო სწრაფად იყვანენ.

ფაქტია, რომ ძაღლებს ადამიანების მიმიკების მიბაძვით ჩვენი მანიპულირება მშვენივრად გამოსდით, ხოლო ჩვენც, მათ, ამის საშუალებას, სიამოვნებით ვაძლევთ.