"მზადყოფნა ბოლომდე", — ბიზნესმენი ლევან ვასაძემ მორიგ მოწოდებას ავრცელებს მხარდამჭერების მიმართ და ისევ იმუქრება, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს. მისი თქმით, წინა განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ პატრულირება შსს-ს მიმართ კეთილი ნების ნიშნად გააუქმეს, რადგან პრაიდს ჩატარებაზე უარი უთხრეს ორგანიზატორებს. მისივე თქმით, ორგანიზატორები მაინც აპირებენ ჩატარებას, ამიტომ "ლეგიონიც" მზად არის კორდონების გასარღვევად და კომბლებით "წესრიგის დასაცავად".

ვასაძე ამბობს, რომ დაკითხვები მათ ვერ შეაშინებს და ვერც შეაჩერებს.

"ყველანი იყავით მზად. ჩვენ გვაქვს თქვენი ტელეფონები. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ჩვენგანს დაიბარებენ დაკითხვაზე, ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ყველას ყველაფერი შევატყობინოთ. თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გამოვაცხადეთ ვერის ბაღში", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.

ვასაძე კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ თუ პოლიცია დააყენებს კორდონს მას გაარღვევენ და თუ ლბტ პირები "ხელს შეუშლიან წესრიგის დამყარებაში", მაშინ "კომბლებით დაიცავენ თავს".

"თუ ეს დანაშაულია მათ თვალში, ჩვენს თვალში ის არის დანაშაული, რასაც ეგენი ჩაიდენენ, თუ დაუშვებენ საქართველოში ასეთ არეულობას. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა იქ მოვა უამრავი სხვა ხალხი, რომელიც არ არის გაწევრიანებული ამ ჩვენს საორგანიზაციო ჯუფში, რომ წესრიგი იყოს და ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკონტროლებთ", — ამბობს ვასაძე.

ის ამტკიცებს, რომ მიუხედავად მსავსი მოწოდებებისა სახალხო ლეგიონი უკანონო დაჯგუფება არ არის და მათი ფუნქცია, მხოლოდ "წესრიგის დაცვაა". მისი თქმით, სახელმწიფოს ბოლომდე არ ენდობა, მაგრამ ხედავს ნიშნებს, რომ თავადაც არ სურთ პრაიდის ჩატარება.

ვასაძემ ისევ შეურაცხმყოფლად მოიხსენია დიპლომატიური კორპუსი და მთავრობას მიმართა:

"გერჩივნოთ 2-3 კინკილა გრანტიჭამიას დაკავება, ეს თქვენი საქმეა, თქვენ თვითონ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, მოშთობა და დაწყნარება, ვიდრე ქვეყანაში არეულობა. მემგონი აქ არჩევანი ცხადია, რამდენიც არ უნდა გეჭიჭყინონ მერე თავისი ადგილის უცოდინარი უცხოელი ელჩები".

გუშინ, 17 ივნისს ვასაძემ განაცხადა, რომ ლეგიონის პატრულირებას აუქმებს. მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდის გუნდს მსვლელობის ჩატარებაზე უარი უთხრა და აქციის გამართვა აუკრძალა, ამიტომ პატრულირების საჭიროება აღარ არსებობდა.

17 ივნისს შსს-მ გამოძიება დაიწყო სახალხო რაზმების შექმნაზე, რომელიც ბიზნესმენმა "ნამდვილი კაცების" აქციაზე დააანონსა. აქციის შემდეგ მოხალისეები, მათ შორის დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩაეწერენ რაზმში, რომელიც მიზნად პოლიციის კორდონების გარღვევას, სამმართველოებიდან მხარდამჭერების ძალით გამოყვანას, ლგბტ პირების ყურის აწევას, ხელების ქამრით შეკვრას და კომბლით გალახვას ისახავდა მიზნად.