პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ეს რელიგიური კონტექსტით კეთდება. ასე გამოეხმაურა კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

კობახიძე ამბობს, რომ ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და მისი მომხრეების შეკრებაზე განვითარებული მოვლენებისას აგრესიისა და სიძულვილის მკაფიო ნიშნები დაინახა.

"რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები", — თქვა მან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება.

"სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით", — აღნიშნა კობახიძემ.

16 ივნისს "ნამდვილი კაცების" აქციაზე ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე აღნიშნა, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ. გუშინ, 17 ივნისს შსს-მ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. ამავე დღეს ვასაძემ თქვა, რომ სახალხო რაზმების პატრულირებას აუქმებს.